English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვლადიმერ ბასარია
საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკის სოციალური ორიენტაციის სრულყოფისათვის

დამოუკიდებელ საქართველოში სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის  მშენებლობა – ფუნქციონირების აუცილებლობის თეზაა აღიარებული.  განვლილ პერიოდში ამ მიმართულებით ბევრი რამე გაკეთდა. ეროვნული  შემოსავლის  განაწილება  ძირითადად წარმოების   ფაქტორების მწარმოებლურობის  შესაბამისად ხდება მისი გადანაწილება, სარგებლობაში– კი სოციალური ორიენტაცია მკვიდრდება.

ეკონომიკური   სისტემის სოციალურ  ორიენტაციას  და ყველასათვის კეთილდღეობას,  პირველ  რიგში,  თავისუფალი კონკურენცია, საკუთრების  და მეწარმეობის  თავისუფლება განსაზღვრავს,   რაც გასანაწილებელი მეტი  დოვლათ-სიკეთის  წარმოებას  განაპირობებს   [1,გვ.19], მისი ასეთი მიმართულების განმტკიცებას კი მნიშვნელოვანწილად შექმნილის ოპტიმალურად გადანაწილება უწყობს ხელს.

ამასთან, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი  როგორც სოციალური  სამართლიანობის, ასევე ეკონომიკური  ზრდის უკეთესი  პირობების შესაქმნელად:

1. ჯერ კიდევ არ არის შემოღებული სამეურნეო სუბიექტების  პროგრე- სიული გადასახადით დაბეგვრის  სისტემა.  ასეთი  სისტემა  კი, მიუხედავად გარკვეული  უარყოფითი შედეგების გამო  სამართლიანი კრიტიკისა, უფრო მისაღებად ითვლება: ერთი მხრივ, ის ერთგვარად  შეამსუბუქებს  დაბალშემოსავლიანების საგადასახადო ტვირთს მაღალშემოსავლიანების ხარჯზე და, მეორე  მხრივ, განაწყობს  ამ უკანასკნელებს  შემოსავლის უფრო მწარმოებლურად გამოყენებაზე.  მიჩნეულია, მაგალითად, რომ  დაბალშემოსავლიანი ოჯახის  შემოსავლის გაზრდა  იწვევს  მისი განათლებაზე ხარჯვის  როგორც აბსოლუტურ,  ასევე შეფარდებით ზრდას. საზოგადოების  განათლებულობის (ასევე  ჯანმრთელობის) საერთო  მატება  კი უზრუნველყოფს  ეკონომიკურ ზრდას. მართალია, ეს დებულება მათემატიკურ  – სტატისტიკურად ძნელად დასამტკიცებელია [4,გვ.461], მაგრამ მის მოთხოვნას პრაქტიკულად  ყველა განვითარებადი ქვეყანა განათლებაზე საბიუჯეტო  ხარჯების პრიორიტეტული ზრდით პასუხობს.

2. მნიშვნელოვნად  უნდა  გაფართოვდეს   ფუფუნების  საგნების  (ძვირფასი ავტომობილები,  იახტები,  კატარღები,   ვერტმფრენები,  საიუველირო ნაკეთობები  და სხვ.) გადასახადით დაბეგვრა. ეს ღონისძიებაც დადებითად იმოქმედებს პირველ მუხლში აღნიშნული პრობლემების  მოგვარებაზე;

3. დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს პრაქტიკა (ამაზე შესაბამისი რეგულა- ციები უნდა იქნეს მიღებული), როდესაც  ქვეყნის ბიუჯეტში ინფლაციის გათვალისწინების პირობებში არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფიქსირებული შემოსავლის მქონე  პირთა  (პირველ  რიგში  პენსიონერთა)  კეთილდღეობის დონე არ გაუარესდეს. ასეთ ბიუჯეტს  არ შეიძლება ეწოდოს  „სოციალურად ორიენტირებული".

სტატიაში  სწორედ  აღნიშნულ და თემასთან დაკავშირებულ  ზოგიერთ სხვა აქტუალურ  საკითხზეა ყურადღება გამახვილებული.

საკვანძო სიტყვები:   ეროვნული შემოსავლის განაწილება;  ეროვნული შემოსავლის გადანაწილება; საგადასახადო პოლიტიკა; პროგრესიული გადასახადი; გადასახადი ფუფუნების საგნებზე;  ბიუჯეტის  სოციალური  ორიენტაცია;  აქციზი;  მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრა.

 ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილების ზოგიერთი ფართოდ აღიარებული  პრინციპი

 ნებისმიერი საზოგადოების  წინაშე არსებული ძირითადი ეკონომიკური ამოცა- ნებიდან (ეკონომიკური   ზრდის  და, შესაბამისად,  მთლიანობაში მოსახლეობის  კეთილდღეობის ამაღლება, სრული დასაქმების მიღწევა, ეკონომიკური  თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვ.) ერთ-ერთი  უმთავრესია შექმნილი დოვლათ – სიკეთის სამართლიანად განაწილება – გადანაწილების საკითხი.

ეკონომიკური   თვალსაზრისით, სამართლიანი განაწილება გულისხმობს შექმნილი ეროვნული  შემოსავლის  მისი მწარმოებელი  სუბიექტების  (წარმოების  ფაქტორების მესაკუთრეების)  მიერ მათი ამ შემოსავლის შექმნაში მონაწილეობის შედეგებიდან გამომდინარე დასაკუთრების უზრუნველყოფას. საბაზრო ეკონომიკის სისტემაში (დღევანდელი ჩვენი ეკონომიკა კი მეტ-ნაკლებად  ამ პრინციპებზე ფუნქციონირებს – ე.წ. გარდამავალი პერიოდი  მან უკვე გაიარა) ბაზრის კონკურენციული ხასიათი და ფირმების მოგების მაქსიმიზების განწყობა (ასეთი პირობების  არსებობა უნდა დავუშვათ)  განაპირობებს   იმას,  რომ წარმოების  ყოველი ფაქტორის  მესაკუთრე  იმდენ შემოსავალს მიიღებს,  რამდენი პროდუქტიც  შექმნა მისმა წარმოების ფაქტორმა.  ეს უეჭველად სამართლიანი განაწილებაა, მაგრამ მასზე აბსოლუტური საბოლოო დაყრდნობა არც შეიძლება და არც არსად ხდება: ჯერ ერთი, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს (ინვალიდებს, მხცოვანებს  და ა.შ.) საერთოდ არ გააჩნია წარმოების ფაქტორები;  მეორე, არსებობს აგრეთვე საზოგადოების ერთობლივად ფუნქციონირებისათვის  აუცილებელი (გარდუვალი) ხარჯები, რომელთა დაფარვას ზემოთ  განხილული განაწილების  წესი  არ ითვალისწინებს; გარდა  ამისა (მესამე), მიჩნეულია, რომ  ეროვნული  შემოსავლის  მხოლოდ და მხოლოდ საბაზრო  პრინციპებზე განაწილება იმანენტურად გულისხმობს ადამიანების ქონებრივი  მდგომარეობის უმართებულო, მიუღებელ სოციალურ  დიფერენცირებას (მათი ძალიან ღარიბებად და ძალიან მდიდრებად განაწილებას). ეს სამი მიზეზი განსაზღვრავს  ეროვნული შემოსავლის პირველადი განაწილების გადასახადის საშუალებით გადანაწილებას.

გასაგებია,  რომ ამ გადანაწილებასაც  უნდა ჰქონდეს  საფუძვლად სამართლიანობის პრინციპი: გამომდინარე შემოსავლიდან, საზოგადოების ყველა წევრი შესაბამისი ბეგარის  სახით უნდა მონაწილეობდეს ზემოთ განხილული პრობლემების  მოგვარებაში.  მეცნიერებაში  აღიარებულია  ამის გაკეთების   სარგებლიანობა  და ბევრ ცივილიზებულ  ქვეყანაში  ისეთი საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებას ცდილობენ, რომ  უზრუნველყოფილ (განმტკიცებულ)  იქნეს საბაზრო ეკონომიკის  სოციალური ორიენტაცია,  მიღწეულ იქნეს ისეთი მდგომარეობა, რომ მოსახლეობის არც ერთი ჯგუფი არ იყოს უკიდურესად ღარიბი,  როდესაც  მისი ერთი ნაწილი მეტისმეტ, უაღრეს  ფუფუნებაში ცხოვრობს.  როგორც  ბერნარდ შოუ წერდა, ქვეყანაში, რომელიც  „ფულს შამპანურზე  ხარჯავს  მაშინ, როდესაც  ბავშვები რძით არ დაუკმაყოფილებია, – ეს ცუდი მართვის, ამაოების, უგუნური, სულელური, უვიცი ქვეყანაა...მისი  გამდიდრება – აყვავების  ერთადერთი საშუალებაა  არ დაუშვას ფულის ხარჯვა  ახირებასა და ფუფუნების საგნებზე,  სანამ ხალხი სათანადოდ არ იქნება უზრუნველყოფილი პირველადი საჭიროების  საგნებით" [3,გვ.239]. ასეთი საზოგადოებრივი მოთხოვნის მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილების საჭიროება-სარგებლიანობაზე დღეს ერთმანეთისაგან თვისებრივად განსხვავებული ეკონომიკური   იდეოლოგიის მიმდევრებიც კი თანხმდებიან.

არავინ დაობს იმაზე, რომ შემოსავლის განაწილება კონკურენციისა  და არჩევანის საფუძველზე  უნდა ხდებოდეს – თავისუფალი ბაზარი საუკეთესოდ  უზრუნველყოფს ეროვნული შემოსავლის განაწილებას ეკონომიკურ   სუბიექტებს  შორის მათ ხელთ არსებული  წარმოების  ფაქტორების   მწარმოებლურობისა  და ეკონომიკური არგუმენტაციის  შესაბამისად. მაგრამ  ამ განაწილებას,  როგორც ითქვა  (და არც ამაზე  დავობენ),  საზოგადოების   ძალიან მდიდრებად და ძალიან ღარიბებად დაყოფის ტენდენცია  ახასიათებს,  რაც, გარდა იმისა, რომ მიუღებელი და უსამართლოა მორალური  თვალსაზრისით, უარყოფითად მოქმედებს მთლიანობაში თვით ეკონომიკის განვითარებაზე:

-   ჯერ ერთი, „ძალიან მდიდრების" ქცევისათვის  სულ უფრო დამახასიათებელი ხდება შემოსავლების  ფუფუნებასა და ახირებაზე  ხარჯვა,  ნაცვლად  მისი მწარმოებლურად გამოყენებისა; სხვაგვარად რომ ვთქვათ,  მოსახლეობის უკიდურესად შეძლებული კატეგორია,   მზარდი შემოსავლის მიღების კვალობაზე,  სულ უფრო ნაკლებს  ხარჯავს  საწარმოო  ინვესტიციებზე  და სულ უფრო  მეტს აბანდებს განცხრომა-ფუფუნების  საგნებში, მაგალითისთვის, ძვირფას ავტომობილებში,  ანტიკვარიატში, ოქროსა  და ბრილიანტებში და ა.შ.;

-   მეორე  მხრივ, ღარიბად ქცეულები  თუ დარჩენილები დაბალი შემოსავლიდან სულ უფრო ნაკლებს  ზოგავენ,  შესაბამისად, სულ უფრო ნაკლებ სახსრებს მი- მართავენ თავიანთი მწარმოებლურობის ასამაღლებლად, კერძოდ,  საკუთარი  ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა  და განათლების მიღება – ამაღლებაზე.

ასე რომ,  ხელისუფლების უპირობო  ვალდებულებაა ეროვნული შემოსავლის გადანაწილებით   უზრუნველყოს    დაბალშემოსავლიანების   დახმარება   იმგვარად, რომ ამ გადანაწილებამ საზოგადოებაში შრომისა თუ მეწარმოეობრივი  მოტივაციის შენელება კი არ გამოიწვიოს, არამედ, პირიქით, ეკონომიკის  განვითარებას შეუწყოს ხელი.

 ეროვნული შემოსავლის განაწილების პრობლემები  საქართველოში  და მათი მოგვარების  გზები

 რამდენად ეფექტიანია  ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ზემოგან- ხილული მოსაზრებების  თვალსაზრისით?ვფიქრობთ, ქვეყნის საგადასახადო სისტემა, როგორც ეროვნული შემოსავლის გადანაწილების უმთავრესი ინსტრუმენტი,  მიუხედავად სოციალურად  ორიენტირებული ეკონომიკის   მშენებლობის ოფიციალური  სახელისუფლებო კურსის  დეკლარირებისა,  ზემომინიშნებული თვალსაზრისით,  ნაკლებად  პასუხობს  სოციალური სამართლიანობის მოთხოვნებს  – გადასახადები მდიდრებისათვის უფრო  მსუბუქი ტვირთია,  ვიდრე ღარიბებისათვის,  ვინაიდან ჩვენთან შემოსავლები უბრალო  პროპორციული  პრინციპით იბეგრება: შრომის ანაზღაურების დაბეგვრისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი პრაქტიკულად უცვლელია ხელფასის ნებისმიერი ოდენობისთვის;  ასეთივე  მიდგომაა დივიდენდების დაბეგვრასთან  მიმართებითაც.

არადა, ბევრ განვითრებულ ქვეყანაში (აშშ, ავსტრია, შვედეთი, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი, იტალია, ჰოლანდია, საბერძნეთი, სლოვაკეთი,  პოლონეთი და სხვ.) საქმე სულ სხვაგვარადაა – სოციალურ ჯგუფებს შორის შემოსავლების უთანასწორობის ერთგვარად მოსწორება – დაბალანსებისათვის  და სამეწარმეო საქმიანობის წასახალისებლად, ისინი საქართველოსაგან  განსხვავებულ, დაბეგვრის პროგრესიულ  მეთოდს მიმართავენ, რომელიც  გულისხმობს შემოსავლის დონის ზრდის კვალობაზე  საგადასახადო განაკვეთის  ზრდას.

სამწუხაროდ,  უნდა ითქვას  ისიც, რომ  ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეთა  ქონებრივი და შემოსავლების მდგომარეობის  დონეებს შორის სხვაობა  წლიდან წლამდე იზრდება; შედეგად, ვიწრო პირთა წრეში თავმოყრილი კაპიტალის  სოლიდური ნაწილი სულ უფრო მეტად იხარჯება  ფუფუნების საგნებზე,  შესაბამისად, ნაკლებად გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკის  განვითარებაზე, მთლიანად მოსახლეობის  კეთილდღეობის ამაღლებაზე,  უმუშევრობისა  და მზარდი სიღარიბის  დაძლევაზე.

აღნიშნული პრობლემის  გადაწყვეტის  სამი მიმართულება შეიძლება დავასახელოთ:

I.    აუცილებელია საქართველოს ეკონომიკურ  პოლიტიკაში დაიწყოს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი საზოგადოების  ძალიან მდიდრებად და ძალიან  ღარიბებად  დაყოფის ერთგვარად  შემამსუბუქებელი  მექანიზმის,  შემოსავლის პროგრესიული  დაბეგვრის საგადასახადო სისტემის დამკვიდრება;

II.    იმის  გათვალისწინებით,   რომ, ერთი  მხრივ,  შემოსავლების  მრავალსაფეხურიანი  პროგრესიული   დაბეგვრის  მოდელზე  გადასვლა  მეტად  რთული  საქმეა (ამას  სიღრმისეული  გაანალიზება,  სათანადო გამოკვლევები   და შესაბამისი გაანგარიშებები სჭირდება) და პროცესი  ობიექტურად საჭიროებს ხაგრძლივ დროს, ხოლო, მეორე  მხრივ, საზოგადოების  სოციალურ  ფენებს შორის  მზარდი ქონებრივი უთანასწორობის  საკითხი  იმდენად მტკივნეულია,  რომ  სახელმწიფოსაგან გადაუდებელ რეაგირებას  მოითხოვს,  პრობლემის  ამ ეტაპზე  ერთგვარად  შემსუბუქება, ვფიქრობთ,  შესაძლებელია ქვეყანაში ფუფუნების საგნებზე აქციზის  გადასახადის დაწესება – გაზრდის გზით, უფრო ზუსტად – ფუფუნების კატეგორიის ნაწარმზე პროგრესიულად  მზარდი აქციზის  განაკვეთების  შემოღებით,  რაც პირდაპირ  და- მოკიდებულებაში იქნება საქონლის ღირებულებასთან (იმის საილუსტრაციოდთუ რამდენად ეფექტიანი  და სამართლიანი შეიძლება გამოდგეს, მაგალითისათვის, ზემოხსენებული პრინციპით ძვირფასი ავტომობილების დაბეგვრა არსებულ წესთან შედარებით, გთავაზობთ  სტატიის ბოლოს მოყვანილი დანართის  გაცნობას).

რით ვასაბუთებთ ამ მოსაზრებას?

პირველი. ფუფუნების საგნებზე დაწესებული (გაზრდილი) აქციზის  გადასახადი:

  •   გამოყენებული იქნება  როგორც შეძლებულ პირთა  დაბეგვრის  გაძლიერების საშუალება, რაც გადასახადების განაწილების საქმეში უფრო მეტ თანაფარდო- ბას (თანაზომადობას)  და სამართლიანობას უზრუნველყოფს;
  • გარკვეულწილად   ხელს  შეუწყობს   საქართველოს   საგადასახადო  სისტემის იმ ნაკლოვანების  შერბილებას, რომელიც  საგადასახადო ტვირთის ძირითადად ქვეყნის დაბალშემოსავლიან ფენაზე დაწოლას გულისხმობს;
  • განაპირობებს  სახელმწიფო ბიუჯეტში  დამატებითი სახსრების მოზიდვას, რომელთა მიმართვა შესაძლებელი იქნება სოციუმის  მწარმოებლურობის  ამაღლე- ბის უზრუნველსაყოფად;
  • შეძლებულ ფენას გაუღვივებს  მოტივაციას  უფრო მეტი ინვესტიცია  განახორციელოს  წარმოებაში და უფრო ნაკლები მოიხმაროს არამწარმოებლურად. მეორე. როგორც ცნობილია,  ფუფუნების საგნები (და ზოგადად მაღალრენტაბელური პროდუქცია),  როგორც  წესი, იბეგრება სწორედ აქციზით. აქციზი კი ის ერთადერთი  საერთო-სახელმწიფოებრივი   გადასახადია საქართველოში,   რომლის გაზრდა არ საჭიროებს  რეფერენდუმის გამართვას (მაშასადამე, არც აღნიშნულთან დაკავშირებული სოლიდური სახელმწიფო სახსრების გაღებას).  შესაბამისად, ზემოაღწერილი  მიზნებისათვის საგადასახადო  ტვირთის  დამძიმება გაცილებით  მოსახერხებელია და მართებული სწორედ აქციზის  მეშვეობით;

მესამე. ზოგადად მოხმარების  საგნებზე  (მაგალითად, იმავე ფუფუნების საგნებზე)  გადასახადის გაზრდა  უფრო  რაციონალური   გადაწყვეტილებაა,  ვიდრე, ვთქვათ,  გადასახადის გაზრდა შემოსავალზე (მაგ. ხელფასზე) – ეს უკანასკნელი აქვეითებს ადამიანში მეტი შემოსავლის გამომუშავების  სტიმულს, პირველი კი უბიძგებს ადამიანს ინვესტიციების  განხორციელებისაკენ;

ნიშანდობლივია  ისიც, რომ ფუფუნების საგნებზე  დაწესებული  (გაზრდილი) აქციზის გადასახადი არ გამოიწვევს  ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ ნეგატიურ  მოვლენებს, რასაც,  მსგავსი საგადასახადო ცვლილებების შედეგად, ადგილი ჰქონდა  ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, სადაც  ფუფუნების საგნებზე აქციზის  შემოღება  – გაზრდამ შეამცირა  პროდუქციის  ადგილობრივი წარმოება – ფუფუნების კატეგორიის   საგნები, როგორც  ასეთი, საქართველოში, პრაქტიკულად არ იწარმოება, შესაბამისად, აქციზით  დაბეგვრას დაექვემდებარება მხოლოდ იმპორტირებული  პროდუქცია. ეს ქმედება მართლზომიერია  იმ თვალსაზრისითაც,  რომ  თანამედროვე თეორია  ფუფუნების  საგნებზე   სპეციალური    გადასახადის  შემოღებას   ეფექტიანად  სწორედ იმ  ქვეყნებისთვის   მიიჩნევს,   სადაც ასეთი  საქონელი   ძირითადად  იმპორტულია [3,გვ.301].

III.    საზოგადოების სერიოზულად დიფერენცირებას ეკონომიკურ სუბიექტებსა და სოციალურ   ფენებს შორის  შემოსავლის,  ქონების  ინტენსიურად უმართებულო (არამართლზომიერ) გადანაწილებას, შესაბამისად, სოციალურ  არასტაბილურობას, ხელს უწყობს ეკონომიკაში  მიმდინარე ფასების ზრდა – ინფლაცია, რომელიც განსაკუთრებით  მტკივნეულად მოქმედებს მყარი, ფიქსირებული შემოსავლის მქონე პირებზე:  მათი ნომინალური შემოსავალი ფულადი გამოხატულებით  უცვლელი რჩება,  მაგრამ  ფულის მყიდველობითი უნარის  პერმანენტული  კლების  გამო,  კეთილდღეობა კლებულობს.

ინფლაცია სერიოზული პრობლემაა, აქ კი, ჩვენი თემის შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთ საკითხს შევეხებით.

როგორც ცნობილია, ეკონომისტები  ინფლაციის პროგნოზირებას  ეწევიან, ხოლო ხელისუფლება სახელმწიფო წლიური ბიუჯეტის  გეგმაში მის სავარაუდო დონეს ამტკიცებს:  ე.ი. მან წინასწარ იცის (გეგმავს),  რომ წლის განმავლობაში მყარშემოსავლიანი მოსახლეობა  ამ დონის შესაბამისად გაღარიბდება.  ჩვენ მხოლოდ ასეთი კატეგორიის  მოსახლეობის ერთ-ერთ  ყველაზე დაუცველ კატეგორიას  შევეხებით:

– პენსიონერებს  და მათ პენსიას.  საქართველოში  ყველა მსჯელობს  პენსიონერთა გაუსაძლის მდგომარეობაზე; ამასთან ზოგიერთი ამტკიცებს,  რომ ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პენსიის მოცულობის  მნიშვნელოვანი მომატების  საშუალება დღესდღეობით  არ არსებობს.  ჩვენც  პრინციპში  ამ მოსაზრებაზე ვდგავართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტში ზოგიერთი არამწარმოებლური (არააუცილებელი) ხარჯის შემცირების კვალობაზე შეიძლებოდა აქამდე არსებული პენსიის უმნიშვნელო მომატება მაინც.

მოხდა კი საპირისპირო: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში  დაიგეგმა პენსიის რეალური  შემცირება,  ვინაიდან უცვლელი  ნომინალური პენსიის პირობებში  სახელმწიფო ბიუჯეტში ინფლაციის ჩადება პენსიის ფაქტობრივი  შემცირებაა  და სხვა არაფერი. საინტერესო  ის არის, რომ ხელისუფლების ზოგიერთმა  წარმომადგენელმა თითქოსდა მოიბოდიშა, პენსიებს ვერ ვზრდითო, მაგრამ ფაქტობრივი შემცირება რომ დაგეგმეს, ამას ხაზი არავინ გაუსვა.

სახელმწიფო ბიუჯეტს  კი, რომელიც  4-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში თითქმის 1 მლნ ადამიანისათვის შემოსავლის ერთადერთი წყაროს  შემცირებას  ითვალისწინებს, სოციალურად  ორიენტირებულს,  როგორც ითქვა,  ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური აუცილებლობა მოითხოვს მიღებულ იქნეს  კანონი,  რომლის შესაბამისად მთავრობას  აეკრძალება  პარლამენტში ისეთი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის  შეტანა, რომელშიც, ბიუჯეტის შემოსავლის ადრინდელთან შედარებით  უცვლელობის   ან ნებისმიერი  ზრდის  გეგმასთან  ერთად, დაგეგმილი იქნება ბიუჯეტის  მომსახურების სფეროში ფიქსირებული შემოსავლის მქონე პირთა (პირველ რიგში, პენსიონერების) რეალური შემოსავლის შემცირება.

დაბოლოს, საქართველოს  საბაზრო  ეკონომიკის   სოციალური  ორიენტაციის შემდგომი განმტკიცებისათვის,  ასევე საჭიროდ  მიგვაჩნია ქვეყნის საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკაში  ისეთი წესის დამკვიდრება, რომლის მიხედვით სამეურნეო სუბიექტთა  შემოსავალი დაიბეგრება პროგრესიული  მეთოდით, გამომდინარე შემოსავლის მოცულობიდან.

 ზოგიერთი ძვირადღირებული (ფუფუნების კატეგორიის) მსუბუქი  ავტომობილის დაბეგვრის ცხრილი

ლიტერატურა:

  1.      Эрхард Л. Благосостояние для всех. – М.: Начала-Пресс, 1991.

2.      Словарь современной экономической теории Макмилана. – М.: ИНФА – М, 1997,(607 стр.).

3.      ვ. ბასარია, რ. ბასარია. ეკონომიკის  პრინციპები.  თბილისი, 2017.